ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქედებები გრძელდება. ისრაელის ცენტრალურ ნაწილში სირენების ხმა მთელი დღის განმავლობაში ისმოდა. ისრაელის შეირაღებულმა ძალებმა „ჰამასის“ კიდევ ერთი ლიდერი, აიმან კოფანი მოკლეს, რომელიც ისრაელზე თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ქვეყნის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით გასროლილი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის შედეგად ორი რეზერვისტი და ისრაელის ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ტერორისტული დაჯგუფება "ჰეზბოლა" იღებს. ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ ინფორმაციით, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ რეგიონში, სულ მცირე, 15 ჟურნალისტია დაღუპული. 7 ოქტომბრიდან დღემდე დაღუპულ 15 ჟურნალისტს შორის 11 პალესტინელი, სამი ისრაელელი და ერთი ლიბანელია. ასევე დაშავებულია რვა ჟურნალისტი, მედიის სამი თანამშრომელი კი დაკარგული ან დაკავებულია. ბოლო მონაცემებით, ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმას 1 400-ზე მეტი ადამიანი ემხვერპლა, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად კი ღაზის სექტორში 2 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერ ჯონათან კონრიკუსის განცხადებით, "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ ისრაელში დაახლოებით 500 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.