პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და ნორვეგიული კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ნიგერიის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველებმა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ნორვეგიული კომპანიის საბანკო ანგარიშების განკარგვაზე უფლებამოსილი იურიდიული პირის წარმომადგენელს ყალბი ელექტრონული შეტყობინება და დოკუმენტები გაუგზავნეს, რის საფუძველზეც კომპანიის კუთვნილი 37 473 ევრო საქართველოში, ბრალდებულის კონტროლირებად საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა გაინაწილეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.