თქვენ მე თქვენს ხელისუფლებაში გეშლებით. კეზერაშვილი, რომელიც მართლა მათხოვარი მოვიდა ხელისუფლებაში და მილიარდერი წავიდა და ასევე, კარგად მახსოვს თქვენი ლიდერიც, რა ქონებით მოვიდა და რა ქონებით წავიდა მისი ოჯახი, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც მის შვილთან დაკავშირებით „ლელოს“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.
მინისტრის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მის შვილს რუსეთის მოქალაქესთან ერთად ბიზნესი აქვს, მოგონილი ტყუილია და ცილისწამებაზე სასამართლოში სარჩელიც აქვს შეტანილი.
„ეს იყო ცილისწამება ჩემს წინააღმდეგ. მე ამაზე სარჩელიც მაქვს შეტანილი. კონკრეტული ფიზიკური პირისგან ვითხოვ ბოდიშს. თქვენი მეგობრები იმალებოდნენ სარჩელის არმიღებაზე რამდენიმე თვე. ბოლოს მიიღეს. მე არ პროცესს, რა თქმა უნდა, მოვიგებ, იმიტომ, რომ ეს იყო აბსოლუტურად მოგონილი ტყუილი. რაც შეეხება დედაჩემს - არ მინდა ამაზე ვისაუბრო, მითუმეტეს, ამ ტრიბუნიდან, მაგრამ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, თქვენი ხელისუფლების დროს, ერთი ნასყიდობით აქვს რამდენიმე მილიონი აღებული. ის, რომ შპს-ში დედაჩემი იყოს მონაწილე... რამდენიმე შპს-ს დამფუძნებელი და დირექტორია. ეს ხდება ოღონდ 1995 წლიდან. თქვენ გეშლებით მე თქვენს ხელისუფლებაში. კეზერაშვილი, რომელიც მართლა მათხოვარი მოვიდა ხელისუფლებაში და მილიარდერი წავიდა და ასევე, კარგად მახსოვს თქვენი ლიდერიც რა ქონებით მოვიდა და რა ქონებით წავიდა მისი ოჯახი. თუ ვინმეს რამე საშუალება ჰქონდა, მათ შორის, 90-იან წლებში, ყველაზე დიდი ქონების პრივატიზაცია რუსთაველის გამზირზე მოხდა ჩემი ოჯახის მიერ. ასე რომ ეს საკითხი ძალიან გთხოვთ, დახურეთ. კიდევ ვიმეორებ, ბოდიშის მოხდაც მოუწევს თქვენს მეგობარს ტელევიზიიდან. ამას აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძეს ასე მიმართა: „მაინტერესებს თქვენ, როგორც ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ქვეყნის, რომლის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, არ გრცხვენიათ და არ გერიდებათ, რომ თქვენს შვილს რუსეთის მოქალაქესთან ერთად ბიზნესი აქვს და რუსულ აბანოებს აშენებს ჩვენს ქვეყანაში? უკეთესი ბიზნესი თქვენმა შვილმა ვერ იშოვა?“