ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 ტურის შეხვედრაში ავსტრიის ნაკრები გასვლაზე აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. ამ მოგებით ავსტრიელებმა ევრო 24-ის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდეს.
შეხვედრის პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ მატჩის ერთადერთი გოლი 48-ე წუთზე, დორტმუნდის ბორუსიას ნახევარმცველმა მარსელ ზაბიტცერმა 11-მეტრიანი დარტყმით გაიტანა. 29 წლის ფეხბურთელს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 15 გოლი დაუგროვდა.
7 მატჩის შემდეგ ავსტრიამ 16 ქულა დააგროვა F ჯგუფში ბელგიას გაუთანაბრდა (ბელგიელებს 1 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული). მესამე ადგილზე მყოფ შვედეთს, მხოლოდ 6 ქულა აქვს და დარჩენილი სამივე შეხვედრის მოგების შემთხვევაშიც ავსტრიასა და ბელგიას ვეღარ დაეწევა. ავსტრია მე-8 ნაკრები გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ავსტრიის გუნდი ევრო პირველობაზე ისტორიაში მეოთხედ ითამაშებს, საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა, კი მესამედ მოახერხა. ავსტრიელებს ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი 2020 წელს ჰქონდათ, როცა ჯგუფიდან გასვლა მოახერხეს, თუმცა 1/8-ფინალში მომავალ ჩემპიონ იტალიასთან, დამატებით დროში, 1:2 დამარცხდნენ.