საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონსტიტუციური მოთხოვნის დაუცველობის დიადი და კეთილშობილური მიზანი თუ კეთილი განზრახვა, რასაც, სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტი ისახავდა, სამართლებრივად, ვერ გააუქმებს საკუთრივ კონსტიტუციური დანაწესის დარღვევის ფაქტს მისი მხრიდან - ამის შესახებ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი.
დოკუმენტის მიხედვით, სასამართლო ვერ გამოავლენს შემგუებლურ დამოკიდებულებას კონსტიტუციის დანაწესის დარღვევისადმი იმ საფუძვლით, რომ დარღვევა კეთილ მიზანს ისახავდა. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ შექმნის იმის პრეცედენტს, რომლითაც თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევას დასაშვებად გამოაცხადებს კეთილ განზრახვაზე მითითებით.
„სასამართლოს აზრით, არ არსებობს სერიოზული, სიღრმისეული მსჯელობის საჭიროება იმაზე, ჰქონდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტს გაცნობიერებული, რომ კონსტიტუციის დარღვევით მოქმედებდა. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ იგი, ტრადიციულად, ყოველთვის მიმართავდა მთავრობას თანხმობის მისაღებად უცხოეთში განსახორციელებელ ყოველ ვიზიტთან მიმართებაში. სალომე ზურაბიშვილმა გასული ორი წლის მანძილზე მთავრობისგან თანხმობა მოითხოვა 38 ვიზიტზე. მან თანხმობა მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ვიზიტის გამოც, თუმცა უარი მიიღო. ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული თითოეულ ამ შემთხვევაში მთავრობისაგან კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მიღების სავალდებულოობა და მასთან ერთად, ის გარემოება, რომ ყოველი ამგვარი ვიზიტის დროს საგარეო ურთიერთობებში საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის წარმომადგენლობას ახორციელებდა. ასევე ყურადსაღებია, რომ სადავო სამუშაო ვიზიტები მან განახორციელა საკუთარი სახსრებით და მოერიდა ბიუჯეტური სახსრების გამოყენებას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სულ მცირე, დარწმუნებული არ იყო ამ ვიზიტების კონსტიტუციურობასა და მათ გამო ბიუჯეტური სახსრების დახარჯვის მართლზომიერებაში. საკონსტიტუციო სასამართლოს სერიოზულად და დამაჯერებლად არ ესახება არგუმენტი, თითქოს თანხმობის საკითხზე მთავრობის რამდენიმე უარმა დაარწმუნა საქართველოს პრეზიდენტი, რომ სინამდვილეში მთავრობის თანხმობა არ ესაჭიროებოდა. სასამართლო მხედველობაში იღებს საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა გააგრძელა სამუშაო ვიზიტები სხვა სახელმწიფოების პოლიტიკურ ლიდერებთან, კერძოდ, იგი იმყოფებოდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში და იქ გაემგზავრა მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა იქნა აღძრული სწორედ მთავრობასთან შეუთანხმებელი ვიზიტების გამო. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოსთვის დამაჯერებელი არ არის არც სასამართლოს მეგობრის მტკიცება, რომ მართალია, de facto კონსტიტუცია დაირღვა, მაგრამ de iure - სადავოა.
საქმის ფაქტების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის სამი ვიზიტი, რომელთა კონსტიტუციურობა არის სადავოდ გამხდარი პარლამენტის წევრთა მხრიდან, უკავშირდებოდა საქართველოსთვის ევროპის კავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს. სალომე ზურაბიშვილის არაერთი საჯარო განცხადების და მისი წარმომადგენლების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენისას გაკეთებული განმარტებების მიხედვით, ზემოაღნიშნული შეხვედრები საფრანგეთის რესპუბლიკისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტებთან, ისევე როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, მიზნად ისახავდა ამ საკითხის მხარდაჭერას. მიუხედავად კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა მხრიდან ამ მიმართებით გამოთქმული ზოგიერთი ეჭვისა და ნეგატიური მოსაზრებისა, საკონსტიტუციო სასამართლოს არ გააჩნია მყარი საპირისპირო მტკიცებულება იმისა, რომ ეს შეხვედრები პრეზიდენტის მიერ დეკლარირებულ მიზნებს არ ემსახურებოდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონსტიტუციური მოთხოვნის დაუცველობის დიადი და კეთილშობილური მიზანი თუ კეთილი განზრახვა, რასაც, სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტი ისახავდა, სამართლებრივად, ვერ გააუქმებს საკუთრივ კონსტიტუციური დანაწესის დარღვევის ფაქტს მისი მხრიდან. სასამართლო ვერ გამოავლენს შემგუებლურ დამოკიდებულებას კონსტიტუციის დანაწესის დარღვევისადმი იმ საფუძვლით, რომ დარღვევა კეთილ მიზანს ისახავდა.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა არ ავალდებულებს პარლამენტის წევრებს იმპიჩმენტურ ვერდიქტს დაუჭირონ მხარი. პოლიტიკური მიზანშეწონილობით საკითხის გადაწყვეტისას მათ უნდა იმოქმედონ იმპიჩმენტის იდეისათვის შესატყვისი პოლიტიკური კრიტერიუმებით და ამის შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილება”, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაში.