ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. მან ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის მსოფლიო თასიდან დაბრუნების შემდეგ მიიღო.
47 წლის სპეციალისტმა ასევე დატოვა პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზის, ‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელის პოსტი, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში რაგბი ევროპის სუპერ თასის ზედიზედ მესამედ მოგებას ეცდება, რის შემდეგაც ისტორიაში პირველად ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირში, ჩელენჯ თასში ჩაერთვება.
ლევან მაისაშვილი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა, იქამდე მილტონ ჰეიგის ასისტენტი გახლდათ. მისი მწვრთნელობის დროს საქართველოს გუნდმა ისტორიაში პირველად დაამარცხა "6 ერის" ნაკრები (ჯერ იტალია, შემდეგ უელსი) და რაგბის ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ 4-ჯერ მოიგო. მისი ხელმძღვანელობით "ბორჯღალოსნებმა" 2023 წლის მსოფლიოს თასზე ითამაშა და ტურნირი მოგების გარეშე დაასრულა. საქართველოს ნაკრების გარდა, მაისაშვილი პირველი ქართული ფრენჩაიზის, შავი ლომის მთავარი მწვრთნელიც გახლდათ და როგორც ტყემალაძემ თქვა, ჯერ ამ პოზიციას შეინარჩუნებს.
ლევან მაისაშვილმა დაკავებული პოსტის დატოვების შემდეგ კომენტარი რაგბის კავშირის ოფიციალურ გვერდთან გააკეთა: „მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის ანალიზის შედეგად გადავწყვიტე მთავარი მწვრთნელის პოზიციის დატოვება. გასული 4 წელი იყო უმნიშვნელოვანესი და მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი გუნდის – მათი თავდაუზოგავი შრომისა და თავგანწირვისთვის. ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ. მე მჯერა, რომ ჩვენი პროგრესი თვალსაჩინოა და მომავალი კიდევ უფრო ნათელია რადგან ჩვენს 20 და 18-წლამდე ნაკრებებში მოდიან ახალგაზრდა თაობის გამორჩეულად ნიჭიერი მოთამაშეები. მინდა მადლობა გადავუხადო სოსო ტყემალაძეს და რაგბის კავშირის გამგეობას ჩემ მიმართ გამოხატული ნდობისთვის. მადლობა ქართულ სარაგბო კლუბებს, მათი მხარდაჭერისთვის და ეროვნული ნაკრების განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. მადლობა ქართველ გულშემატკივარს – ისინი ყველგან და ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ."