ფეხბურთი | საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა - Palitra News

ფეხბურთი | საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა

2023-10-16 11:49:18+04:00

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში კვიპროსის ნაკრებს უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნებმა“ თამაში დამაჯერებლად ვერ დაიწყეს და პირველი სახიფათო მომენტიც საქართველოს კართან შეიქმნა – მე-6 წუთზე ხარალამპოს კირიაკუს დარტყმის შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. 37-ე წუთზე სტუმრებმა კონტრშეტევა განახორციელეს და დიმიტრიოს კრისტოფმა სახიფათოდ დაარტყა – ამ ეპიზოდშიც მამარდაშვილმა იხსნა საქართველოს კარი გაშვებული გოლისგან. პირველ ნახევარში ჩვენმა გუნდმაც რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა საწყისი 45-წუთიანი მონაკვეთი უგოლო ფრით დასრულდა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა თამაში უფრო მწვავედ და აგრესიულად დაიწყო, შედეგსაც მალე მიაღწია. 46-ე წუთზე, კვარაცხელიას დარტყმული მცველმა მოიგერია, იქვე მყოფმა ოთარ კიტეიშვილმა შესანიშნავი დარტყმით ბურთი მცველებში გააძვრინა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა – 1:0. 58-ე წუთზე კი გიორგი ჩაკვეტაძემ ერთი პასით კარის წინ კვარაცხელია მეკარესთან პირისპირ დატოვა და „ნაპოლის“ ქართველმა ლიდერმა სხვაობა ორამდე გაზარდა 2:0.

82-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მესამე გოლი ვიხილეთ: ზურიკო დავითაშვილის წამოწყებული და კვარაცხელიას განვითარებული იერიში ძლიერი დარტყმით ლევან შენგელიამ დააგვირგვინა – 3:0.

არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე კვიპროსელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 4:0.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა და მიმდინარე შესარჩევ ციკლში მეორედ მოიგო – ვილი სანიოლის გუნდმა ორივეჯერ კვიპროსის ნაკრები დაამარცხა.

მომდევნო თამაშს საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს თბილისში შოტლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს.