გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გასულ კვირას კანონმდებელთა მცირე ჯგუფს განუცხადა, რომ დეპარტამენტი თვალს ადევნებს აზერბაიჯანის სომხეთში შეჭრის შესაძლებლობას. გამოცემის ცნობით, კანონმდებლებსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი 3 ოქტომბერს შედგა, რა დროსაც მათ ბლინკენისგან აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ შესაძლო ზომების შესახებ პოზიცია მოსთხოვეს. თავის მხრივ, სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ეძებს გზებს, რათა აზერბაიჯანს პასუხისმგებლობა დააკისროს და არ აპირებს განაახლოს შეთანხმება, რომელიც აშშ-ს ბაქოსთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესაძლებლობას აძლევს. როგორც „პოლიტიკო“ წერს, ენტონი ბლინკენის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ აზერბაიჯანი სამხრეთ სომხეთში უახლოეს კვირებში შეიჭრას.