საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 3 წლის წინ აფხაზური დროშის დაწვის გამო დააკავეს, კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება. მას აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტია არ შეეხება. კითხვაზე რას აკეთებს ქართული მხარე ირაკლი ბებუას დასახსნელად, რომელსაც 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ,რომ სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს. დღეს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს არაერთი წარმატებული მაგალითი," როდესაც მოახერხა ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება. თუმცა, მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც წარმატებას ვერ მიაღწიეს. ოპოზიციის განცხადებით, უმრავლესობის ლიდერებს ირაკლი ბებუას შემთხვევა არც კი ახსენდებათ ეს კი მათივე შეფასებით რუსეთის აგრესულ პოლიტიკას კიდევ უფრო აქეზებს.