ახლა სისასტიკეზე ორაზროვნად საუბრისა და ნეიტრალიტეტის დრო არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა თელ-ავივში ისრაელელ კოლეგასთან, იოავ გალანტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ტერორიზმს გამართლება არ აქვს და „ჰამასი“ ყველამ უნდა დაგმოს.
„ახლა ნეიტრალიტეტის, ცრუ ექვივალენტურობის, მიუტევებელი ქმედების პატიების დრო არ არის. ტერორიზმს არასოდეს აქვს გამართლება და ეს განსაკუთრებით ეხება „ჰამასის“ ამ მძვინვარებას. ყველამ, ვისაც სურს ამ რეგიონში მუდმივი მშვიდობა და უსაფრთხოება, უნდა დაგმოს „ჰამასი“ და მისი იზოლირება მოახდინოს“, - აღნიშნა ოსტინმა.
მისი თქმით, „ჰამასის“ საქმიანობა სისხლისმსმელი და ფანატიკურია, რომელიც მას „ისლამურ სახელმწიფოს“ ახსენებს.
"ჰამასს“ არაფრის შეთავაზება არ შეუძლია ფანატიზმისა და სიკვდილის გარდა“, - დასძინა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, არავინ უნდა შეეცადოს ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების თავის სასარგებლოდ გამოყენებას.
„ნებისმიერი ქვეყნისთვის, ნებისმიერი ჯგუფისთვის ან ვინმესთვის, ვინც ცდილობს ისარგებლოს ამ სისასტიკით, ჩვენ მხოლოდ ერთი სიტყვა გვაქვს: არ გააკეთოთ ეს“, - აღნიშნა ოსტინმა.