ისრაელში კვლავ უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. ქვეყნის დიდ ქალაქებში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის. „ჰამასი“ მრისხანების დღეს აანონსებს. ისრაელი ღაზას სრულ ბლოკადას აგრძელებს, ბომბავს ტერორისტული ორგანიზაციის სტრატეგიულ პუნქტებს და სახმელეთო ოპერაციის დაწყებისთვის ემზადება. გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებით, ღაზაში გაერო-ს ჯგუფის ხელმძღვანელებს ისრაელის არმიაში მათმა მეკავშირე ოფიცრებმა აცნობეს, რომ ვადი ღაზას ჩრდილოეთიდან მთელი მოსახლეობის ღაზას სამხრეთით ევაკუირება 24 საათის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გაერო კატეგორიულად მოითხოვს ნებისმიერი ასეთი ბრძანების გაუქმებას, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე მომხდარი ტრაგედია შეიძლება კატასტროფულ ვითარებაში გადაიზარდოს. რა ვითარებაა ისრაელში და რა განცხადებები კეთდება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.