ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ტაილანდი ანგარიშით 8:0 დაამარცხა და ისტორიაში რეკორდული ანგარიშით გაიმარჯვა. ჩვენმა ნაკრებმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტია და სამი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ დავითაშვილმა შორიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. ცოტა ხანში კუთხურიდან ჩაკვეტაძის ჩაწოდებულ ბურთს ლოჩოშვილმა სტუმართა კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. 24-ე წუთზე მცველისა და მეკარის შეცდომას მიქაუტაძის გოლი მოჰყვა. თვალსაჩიმო იყო, რომ მეტოქე ჩვენს ნაკრებთან შედარებით აშკარად უფრო დაბალი კლასის იყო, წინააღმდეგობას ვერ უწევდა, საკუთარ კარს იყო მიჯაჭვული. ტაილანდელები კიდევ რამდენიმე გოლს გადაურჩნენ, თუმცა მოგვიანებით ჟორჟ მიქაუტაძემ ჰეთ-თრიკიც შეასრულა, რასაც უკვე დავითაშვილის დუბლი მოჰყვა. საბოლოოდ, პირველი ტაიმი უკვე გამანადგურებელი ანგარიშით - 6:0 დასრულდა.
ქართველებისთვის სახალისო ფეხბურთი შესვენების შემდეგაც გაგრძელდა, მიქაუტაძემ მის მიერვე მოპოვებული პენალტი გამოიყენა და პოკერი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში ეს გახლავთ პირველი პოკერი. ამის შემდეგ შეცვლაზე შემოსულმა კვარაცხელიამ გაიტანა და ჩვენი გუნდის მთავარმა ვარსკვლავმა საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 15 ოქტომბერს ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე სახლში კვიპროსთან გამართავს. ცნობისთვის, ასევე გუშინ კვიპროსი შინ ნორვეგიასთან 4-ბურთიანი სხვაობით უშანსოდ დამარცხდა.