„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის ეროვნული ერთიანობის მთავრობა, რომლის შექმნის შესახებაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ განაცხადა, ისრაელის წინააღმდეგ მათ ბრძოლას ვერ შეაკავებს.
„ეს ვერ დაგვაშინებს და შეგვაკავებს. ჩვენ წლების განმავლობაში ვემზადებოდით ამ თავდასხმისთვის. წინააღმდეგობის მებრძოლები მრავალი თვის განმავლობაში ემზადებიან ყველაზე სასტიკი ბრძოლებისთვის“, - განაცხადა „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, მუჰამედ ნაზალმა.
შეგახსენებთ, შაბათს „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა დაიწყო, რასაც ისრაელმა ღაზას სექტორზე საჰაერო იერიშებით უპასუხა. ბოლო მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად დაღუპულია ისრაელის 1 300-მდე მოქალაქე და 1 200-ზე მეტი პალესტინელი.
გუშინ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და “ეროვნული ერთიანობის” ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ბენი განცმა განაცხადეს, რომ ისრაელის მთავრობა და ოპოზიცია საგანგებო მთავრობისა და ომის კაბინეტის შექმნაზე შეთანხმდნენ.