ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ისრაელის თავდაცვის მინისტრის მთავარი გზავნილი იყო, რომ ეს იყო ტერორისტების მიერ განხორციელებული სასტიკი თავდასხმა - „ჰამასი“ არის „ისლამური სახელმწიფო“ და ჩვენ ველოდებით სრულ მხარდაჭერას, - ამის შესახებ ევროკავშირსა და ნატოში ისრაელის ელჩმა, ჰაიმ რეგევმა ალიანსის შტაბ-ბინაში განაცხადა, სადაც ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ვიდეო ჩართვის საშუალებით ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტიც დაესწრო.
ელჩის თქმით, ისრაელი ნატოსგან, როგორც სამხედრო ალიანსისგან, კონკრეტულ დახმარებას არ ითხოვს და იდეა ნატო-სთვის იმის გაზიარება იყო, თუ რის წინაშე დგას ისრაელი შაბათის დილის შემდეგ.
„მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ამაზე, რადგან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, ვის წინააღმდეგ ვდგავართ. აშკარაა, რომ ისრაელი იბრძვის ტერორისტული დაჯგუფების და არა სხვის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ელჩმა.
კითხვაზე, სთხოვა თუ არა ისრაელმა, აშშ-ის გარდა, ნატო-ს რომელიმე კონკრეტულ წევრს აღჭურვილობა ან საბრძოლო მასალა, ელჩმა უპასუხა, რომ ისრაელს აქვს ყველაფერი, რაც სჭირდება.
„ისრაელი ძლიერი ქვეყანაა. ჩვენ ახლა გვაქვს ყველა საშუალება, რაც გვჭირდება”, - განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ ისრაელი კონკრეტულ დახმარებას შეერთებული შტატებს გარდა არავის სთხოვს.
შეგახსენებთ, ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. შეხვედრა საგანგებო სესიით დაიწყო, რომელსაც ვიდეოკონფერენციის საშუალებით ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტიც დაესწრო.