ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოების (SWIFT) შეტყობინების სკრინინგის წესის დამტკიცების შესახებ ახალი ბრძანება გამოსცა.
როგორც „საკანონმდებლო მაცნეში“ ვკითხულობთ, ბანკებს ევალებათ SWIFT შეტყობინებების სკრინინგი განახორციელონ სულ მცირე შემდეგ სიებთან მიმართებით: საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებთან და ასევე, ბანკების შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებთან.
ამასთან, ნათია თურნავას მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, ბანკებმა SWIFT შეტყობინების სკრინინგი უნდა განახორციელონ რეალურ დროში, ოპერაციის შესრულებამდე, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლონ ოპერაციის უარყოფა/ბლოკირება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული წერილობითი მითითების ან/და შიდა ინსტრუქციის შესაბამისად.
როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, ახალი წესი გამომდინარეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 4 აგვისტოს ბრძანებიდან, რომელიც სანქციების რეჟიმის აღსრულების წესებს ადგენს.