მას შემდეგ, რაც ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა, ავიაკომპანიების ნაწილმა ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. „ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ღირს იმ ავიაკომპანიების ბორტზე მოხვედრა, რომლებიც ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს ისევ ასრულებენ.
„ჯორჯიან ეარლაინსი" თელავივიდან თბილისში და უკან, ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს. ეკონომ კლასის ფასი 10 ოქტომბერს 1009 ლარია.11 ოქტომბრის რეისზე კი, მხოლოდ ბიზნეს კლასის 5 ბილეთია დარჩენილი და ღირებულება 2 097 ლარს შეადგენს. მათივე ოფიციალური გვერდის მიხედვით, არასაომარ ვითარებაში, თელავივიდან თბილისამდე ბიზნეს კლასის ღირებულება 1 662 ლარს არ აღემატება, ხოლო მთელი ოქტომბერ-ნოემბრის მონაკვეთში ეკონომის მაქსიმალური ღირებულება 790 ლარია. Israel Airlines-ის შემთხვევაში, უახლოესი რეისი, სადაც ბილეთის ყიდვა შეიძლება, 11 ოქტომბერია და ფასი 743 ლარია. 12 ოქტომბრის ფასი კი, ეკონომ-კლასის შეძენის შემთხვევაში, 593 ლარიდან იწყება. ამასთან, კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ავიაკომპანიამ ბილეთის ფასი გაზარდა.