ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მძიმე წონაში მოპოვებული ოქროს მედლით და საქართველოს ჰიმნით დაასრულა.
ოდიველაში (პორტუგალია), სადაც მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობდნენ, საუკეთესო შედეგს მიაღწია შალვა გურეშიძემ.
მომავალი ჩემპიონი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა გერმანელი, თურქი და კვიპროსელი მეტოქეები, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი ორი ვაზარით მოუგო თურქეთის წარმომადგენელ იბრაჰიმ ტატაროღლუს და ჩემპიონობაც იზეიმა.
აღსანიშნავია, რომ გურეშიძემ წლეულს ევროპის ჩემპიონობაც მოიპოვა, შარშან კი ამავე ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიო ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა, ევროპის ჩემპიონატი კი - ოქროს მედლით.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა ალექსანდრე ლოლაძეს (81 კგ), რომელიც ფინალში იაპონელ კაიტო ამანოსთან იპონით დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა თითო ოქროსა და ვერცხლის მედლით ვაჟთა ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.