მიკელ არტეტამ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგაში პირველად დაამარცხა. ლონდონის არსენალმა მოქმედ ჩემპიონს მე-8 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში უმასპინძლა და გაბრიელ მარტინელის მიერ 86-ე წუთზე გატანილი გოლით ანგარიშით 1:0 მოუგო.
პირველ ტაიმში ორივე გუნდი თანაბარ უპირატესობას ფლობდა. ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი შეხვედრის 29-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც ქალაქელთა ხორვატმა ნახევარმცველმა, მატეო კოვაჩიჩმა მარტინ ოდეგორზე უხეშად ითამაშა და გაშლილი ფეხი კოჭში ჩაარტყა. ამის მიუხედვად, შეხვედრის მთვარმა არბიტრმა, მაიკლ ოლივერმა ხორვატისთვის მხოლოდ ყვითელი ბარათის ჩვენება გადაწყვიტა. ზუსტად ორ წუთში ხორვატი ფეხბურთელი არსენალის ფეხბურთელზე, დეკლან რაისზე ისევ გაშლილი ფეხით წავიდა, მაგრამ მთავარმა მსაჯმა ის კვლავ დაინდო და ამ მომენტში ყვითელი ბარათიც არ უჩვენებია.
მეორე ტაიმი არსენალმა უფრო შემტევად დაიწყო. შეხვედრა გაბრიელ მარტინელიმ გამოაცოცხლა, რომელიც შეცვლაზე შევიდა და თავის გუნდს ტრავმისგან გამოწვეული 5-მატჩიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. საბოლოო ჯამში კი, 86-ე წუთზე გაბრიელ მარტინელის საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი აკეს სახეში მოხვდა და ედერსონმა ამ ბურთის მოგერიება ვერ მოახერხა.
ამ მოგების შემდეგ, „არსენალს“ 20 ქულა დაუგროვდა და ტოტენჰემთან ერთად ცხრილის სათავეში მოექცა, „მანჩესტერ სიტი“ კი 18 ქულით მესამე ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ აქამდე ინგლისის პრემიერლიგაში პეპ გვარდიოლას მიკელ არტეტა 7-დან 7 მატჩში ჰყავდა დამარცხებული, ბოლოს კი არსენალს სიტისთან 2015 წელს ჰქონდა მოგებული.