ასობით დაღუპული და მძევლად აყვანილი ისრაელის მოქალაქე - ქვეყანაში ისევ მძიმე მდგომარეობაა. ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, 500-ს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რიცხვებში ათობით ჯარისკაცი და პოლიციელია, რომლებიც ტერორისტებთან ბრძოლისას დაიღუპნენ. “ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცი დაატყვევეს და ღაზას სექტორში გადაიყვანეს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით კი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად სულ მცირე 400 პალესტინელი დაიღუპა, 1 800-მდე კი დაიჭრა. ისრაელის უსაფრთხოების შტაბი ოფიციალურად ადასტურებს, რომ ისრაელი ომის მდგომარეობაშია და მას შეუძლია "მნიშვნელოვანი სამხედრო აქტივობების" გატარება. ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული მასშტაბური შეტევის ფონზე, მსხვილმა ავიაკომპანიებმა თელ-ავივის მიმართულებით ათობით ავიარეისი გააუქმეს.