საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ილჰამ ალიევმა და ირაკლი ღარიბაშვილმა დახურულ კარს მიღმა 2 ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს შუა დერეფნის განვითარების სტრატეგია, რაც გზების, რკინიგზისა და პორტების მშენებლობას მოიცავს. ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულება დაუდასტურა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მზადაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ფასილიტატორის როლი შეასრულოს. ერთობლივ ბრიფინგზე ილჰამ ალიევმა ღარიბაშვილს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. ალიევის განცხადებით, სამხრეთ კავკასიას სჭირდება მშვიდობა, ამისათვის კი აზერბაიჯანი მაქსიმუმს გააკეთებს.