შეერთებულმა შტატებმა შეიარაღებული თურქული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელიც სირიაში, მისი ჯარების სიახლოვეს მოქმედებდა, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა.
მისი თქმით, თურქული დრონები ხუთშაბათს სირიაში, ჰასაკაში საჰაერო თავდასხმებს აშშ-ის ჯარებისგან დაახლოებით 1 კილომეტრის დაშორებით ახორციელებდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ თურქული დრონი აშშ-ის ჯარებს ნახევარ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მიუახლოვდა, რის გამოც ის საფრთხედ ჩაითვალა და F-16 გამანადგურებლით ჩამოაგდეს.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩამოგდებული დრონი თურქეთის შეიარაღებულ ძალებს არ ეკუთვნოდა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, ვის ეკუთვნოდა დრონი.
თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო სააგენტომ, გასულ კვირას ანკარაში მომხდარი აფეთქების შემდეგ, სირიაში ქურთი ბოევიკების ობიექტებზე დარტყმები განახორციელა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხუთშაბათს ღამით, ჩრდილოეთ სირიაში, თურქეთის ავიაიერიშების შედეგად ქურთი ბოევიკების კუთვნილი 30 სამიზნე განადგურდა, მათ შორის ნავთობის რეზერვუარი, საწყობი და თავშესაფრები და ბევრი მებრძოლი „გაანეიტრალეს“.