ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდია „ინტერპრესნიუსს“ ციხიდან წერილს უგზავნის.
N 16 დაწესებულებიდან კალანდია სააგენტოსთვის გამოგზავნილ წერილში პრეზიდენტისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე და ციხეში გატარებულ წლებზე საუბრობს.
კალანდიას განმარტებით, მას სალომე ზურაბიშვილისთვის, როგორც დანაშაულის მომნანიებელ მსჯავრდებულს არ მიუმართავს. ის მიიჩნევს, რომ ციხეში „უკანონოდ ჰყავთ გამომწყვდეული“.
მსჯავრდებული პატიმარი ასევე აცხადებს, რომ მან პენიტენციურ დაწესებულებაში განათლება მიიღო და საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სტრასბურგში ბრძოლას თავად აპირებს.
„გისოსებს მიღმა ჩემი ცხოვრება არაფრით განსხვავდება სხვა მსჯავრდებულების ცხოვრებისგან. დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი და კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი პროკურორობას. შესაბამისად, ამ „დაბინძურებული“ სისტემის შეცვლას, ასევე შევისწავლე ფრანგული ენა, რათა ფრანგულად შევძლო საკუთარი თავის დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“, - აცხადებს კალანდია.
როგორც ის აღნიშნავს, წლების განმავლობაში ფიქრის შედეგად, საკუთარ ქმედებებში ვერც სამართლებრივი და ვერც მორალური პასუხისმგებლობა ვერ დაინახა.
“6 წელია გასული და ბევრი მაქვს ნაფიქრი იმ დღის შესახებ, ბევრჯერ მიცდია კრიტიკული ვყოფილიყავი ჩემი თავის მიმართ და მეპოვა შეცდომა რომელიმე ჩემს ქმედებაში, რომელიც ან სამართლებრივ, ან მორალურ პასუხისმგებლობას მაინც დამაკისრებდა, თუმცა უშედეგოდ. არც ერთ ჩემს ქმედებას არ ვნანობ, ვინაიდან არაფერი მიქნია ისეთი, რაც ან კანონს დაარღვევდა, ან ჩემს მორალურ პრინციპებში არ ჩაჯდებოდა. მე მხოლოდ ჩემი უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი მეგობრის დახმარებას ვცდილობდი შიშველი ხელებით, ეს იყო და ეს.
ჩემი სისხლის სამართლის საქმე უკვე გაგზავნილია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ველოდებით, თუ როდის დაიწყება საქმის განხილვა. რაც შეეხება დარღვევებს, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის არსებობა უკვე უდიდესი დარღვევა არის, ვინაიდან ჩემი დაკავება არ გამოუწვევია მტკიცებულებების არსებობას, ჩემი დაკავება გამოიწვია პოლიტიკურმა დაკვეთამ, შესაბამისად, მთელი საქმის მსვლელობისას არ ყოფილა არც ერთი წამი, რომელიც დარღვევა არ იქნებოდა. დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, დაირღვა უშუალობის პრინციპი, შემელახა ღირსება, მომადგა მორალური და რეპუტაციული ზიანი, თავისუფლება აღმეკვეთა უკანონოდ წლობით და ა.შ. მე მგონი ერთ სისხლის სამართლის საქმეზე საკმარისია“, - აცხადებს კალანდია.
როგორც ის წერილის ბოლოს დასძენს, მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია, „მას შესაძლებლობა მისცეს უკვე თავისუფლებიდან იბრძოლოს მისი სიმართლის დასამტკიცებლად.
„პრეზიდენტთან უკვე გავაგზავნე წერილი შეწყალების თხოვნის შესახებ, თუმცა, მინდა აუცილებლად ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის დანაშაულის მომნანიებელი მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნა, ეს არის ციხეში უკანონოდ გამომწყვდეული და სამართლიანობისთვის მებრძოლი პატიმრის შეწყალების თხოვნა. ამ წერილში დასაბუთებული მაქვს, რომ პრეზიდენტს შეუძლია თავისი ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენებით აღკვეთოს სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი დარღვევები და მე მომცეს შესაძლებლობა თავისუფლებიდან გავაგრძელო ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც მივმართე პრეზიდენტს და მოლოდინი მაქვს, რომ პრეზიდენტი დამეხმარება უდიდესი ნაბიჯი გადაიდგას ამ საქმეზე სამართლიანობის აღდგენისკენ“, - აცხადებს კალანდია.
ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამართალდამცავებმა დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის გიორგი ჯანაშია, მიხეილ კალანდია და გიორგი მენაბდე დააკავეს.
მიხეილ კალანდიას ქვეყნის სამივე ინსტანციის მიერ 11 წელითა და 3 თვის ვადით აქვს პატიმრობა მისჯილი, გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვის ვადით.
რაც შეეხება გიორგი ჯანაშიას, მან პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. ჯანაშია ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა.
დავით სარალიძესთან ერთად მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის საქმეზე სასჯელს გუგა ბარბაქაძე იხდის. მას თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.