დღეს, 6 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით გამოვა.
აღნიშნული დოკუმენტი წინა სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ მომზადდა და პარლამენტს მიმდინარე წლის 31 მარტს წარედგინა.
საანგარიშო პერიოდში - 2022 წელს, სახალხო დამცველის აპარატში 5 277 განცხადება შევიდა, რომელზეც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა. გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად ცხელ ხაზზე 12 104 ზარი დაფიქსირდა. სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებებს 74 რეკომენდაციით მიმართა.
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა მოამზადა: 24 სპეციალური ანგარიში და 3 ალტერნატიული ანგარიში, რომელიც საერთაშორისო ორგანოებს წარედგინა; 21 საკონსტიტუციო სარჩელი; 20 “სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება; 1 “სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, 5 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაიგზავნა.
ანგარიშის თანახმად, გადაუჭრელ პრობლემად რჩება დიდი ზომის დახურული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. პრობლემურია პატიმრებისათვის სომატური და ფსიქიატრიული ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა. გადაუჭრელია პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებული საკითხი. კვლავაც არსებობს გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების კუთხით არსებული გამოწვევები. სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში მათი დასჯის მიზნით ხანგრძლივად მოთავსების მანკიერი პრაქტიკა. პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია.
როგორც ლევან იოსელიანმა ანგარიშის საკომიტეტო განხილვისას აღნიშნა, ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. სიღარიბე კვლავ ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. ქვეყანაში არსებული ერთ-ერთ ყველაზე მთავარი პრობლემაა ბავშვთა სიღარიბე.
გამოხატვის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრობლემური იყო შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა.