ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის II ტური დასრულებულია, შემდეგი ტური კი უკვე სანაკრებო პაუზის შემდეგ გაიმართება.
დღის დაპირისპირება "სენტ ჯეიმს პარკზე" გაიმართა, სადაც ნიუკასლმა პარი სენ-ჟერმენი 4:1 დაამარცხა. ლუის ენრიკეს გუნდს ინგლისელებმა ყველაფრით აჯობეს. თითო გოლი ალმირონმა, ბერნმა, ლონგსტაფმა და შერმა გაიტანეს. კოლო მუანი-გონსალო რამოში-კილიან მბაპეს ტრიომ შეტევაში თავი ვერაფრით გამოიჩინა. პსჟ-ს ჯგუფში 3 ქულა დარჩა. ნიუკასლი 4 ქულით ლიდერია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაპირისპირება შედგა დორტმუნდსა და მილანს შორის, გუნდებმა ერთმანეთში ნულოვანი ფრე ითამაშეს.
ბარსელონამ პორტუს სტუმრად 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი შეცვლაზე შესულმა ფერან ტორესმა პირველი ტაიმის ბოლოს გაიტანა. ფერანი კი პირველ ტაიმში იმიტომ გამოვიდა, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ მალევე ტრავმა მიიღო და თამაში ვერ გააჩერა. ბოლო წამებზე მსაჯმა გავი გააძევა. ბარსა 6 ქულით დაწინაურდა, პორტუსა და შახტარს რომლის შემადგენლობაშიც ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობენ, 3-3 ქულა აქვთ.
მანჩესტერ სიტი 84-ე წუთამდე ვერ უგებდა ლაიპციგს, შემდეგ კი ხულიან ალვერსმა 2:1 დააწინაურა პეპ გვარდიოლას გუნდი, რომელმაც მატჩის ბოლომდე კიდევ ერთი გოლი გაიტანა (დოკუ). აღსანიშნავია, რომ ერლინგ ჰაალანდმა ამჯერად, თავი ვერ გამოიჩინა. ლიგის მოქმედი გამარჯვებული 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, ლაიპციგი 3 ქულით მეორეა. ამავე ჯგუფში აუტსაიდერები, ცრვენა ზვეზდა და იანგ ბოისი დაზავდნენ - 2:2.