2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს, 5 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.
საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე გააცნობს.
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების მიხედვით, ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 6,5%-ს შეადგენს, ნაცვლად 5%-ისა.
მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი მცირდება და 3,1%-ის ოდენობით განისაზღვრება.
შემცირებულია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი და 2.6%-ს შეადგენს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 78,8 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრება.
უცვლელია ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა - ის მშპ-ის 2.8%-ია.
მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-სთან მიმართებით 40%-ზე დაბალ ნიშნულზეა და მშპ-ს 38.4%-ია.
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 256,7 მლნ ლარით იზრდება და 22 170,9 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის - საგადასახადო შემოსავლები იზრდება 420,0 მლნ ლარით და შეადგენს 16 710,4 მლნ ლარს.
სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 431,2 მლნ ლარით იზრდება და 22 311,3 მლნ ლარს შეადგენს.