კარვების რევოლუციას ელოდებით?! - თუ გინდათ, რომ რევოლუცია არ მოხდეს, მეტი იფიქრეთ ხალხზე, ნაკლები იფიქრეთ საკუთარ კეთილდღეობაზე, არავითარი რევოლუცია არ მოხდება, შიშები გაგიქრებათ და ღამითაც კარგად დაიძინებთ, - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.
მისივე თქმით, კარვის აკრძალვით ქვეყანაში მასობრივი პროტესტის თავიდან აცილება რომ შეიძლებოდეს, ამას ავტორიტარული ქვეყნები, პირველ რიგში, მიიღებდნენ.
„დღეს დააპატიმრეს სეიშელის რესპუბლიკის ოპოზიციის ლიდერი პატრიკ ელიმინია და ბრალი წაუყენეს მას ჯადოქრობასა და არაბუნებრივი და ცრუმორწმუნეობრივი ქმედებების მუხლით. თურმე ეს კაცი მთავრობის წინააღმდეგ შელოცვებს აწარმოებდა და მტკიცებულების სახით მას ტელეფონში უპოვეს ბრჭყვიალა ქვები და ჯადოს გასაკეთებელი ფხვნილები. ეს საწყალი კაცი შელოცვით რევოლუციის მოხდენის ბრალდებით ზის ციხეში. დაახლოებით ასეთი სულელური და სასაცილო განცხადებაა, რაც გააკეთეთ თქვენ და არცხვენთ ქვეყნის სპეცსამსახურებს. ისინიც საწყლად იმეორებენ, რასაც ეუბნებით. თურმე რაღაც რევოლუციები ხდება, თურმე რაღაც "ოტპორი" ყოფილა. არადა ეს "ოტპორი" მილოშევიჩის წინააღმდეგ მოქმედებდა და მან სად დაამთავრა სიცოცხლე... მოკვდა ჰააგის ციხეში. ლანძღავთ, რომ რაღაცა ჯგუფები არისო, ასეთი იყო „პორა“ უკრაინაში, „კმარა“ საქართველოში და თურმე საკუთარ თავს აიგივებთ იანუკოვიჩთან, მილოშევიჩთან, ლუკაშენკოსთან, შევარდნაძესთან და დესტრუქციულ ძალებად მოგყავთ ის ანტირუსული ძალები, რომლებიც ავტორიტარიზმს ებრძოდნენ. რა ზღაპრებსაც ამ 11 წლის განმავლობაში ამბობთ, საბურავებს აგროვებდნენ ვიღაცები და ბოლოს მიხვედით იქამდე, რომ რევოლუციის მთავარი ინსტრუმენტი ყოფილა კარავი. თურმე ამ კარავში ბომბების შენახვა შეიძლება.
რასაც აკეთებთ, ეს არის დეგრადაციის უკანასკნელი სტადია. ყველა რევოლუციური თეორიები წავიკითხე, მაგრამ კარავი ვერ აღმოვაჩინე. თუ გინდათ, რომ რევოლუცია არ მოხდეს, მეტი იფიქრეთ ხალხზე, ნაკლები იფიქრეთ საკუთარ კეთილდღეობაზე, არავითარი რევოლუცია არ მოხდება, შიშები გაგიქრებათ და ღამითაც კარგად დაიძინებთ.
არ შეიძლება ეს კანონპროექტი 15 დეკემბერს წარმოგედგინათ? ხომ იცით, რომ ყველაფერი წყდება დეკემბრის შუა რიცხვამდე. რატომ ამთხვევთ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას პარლამენტში? ეს ყველაფერი ხომ ქრონოლოგიურად ავტომატურად ხდება. როცა საქართველოს ბედი წყდება, აქ თქვენ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს უყრით კენჭს. რატომ? რატომ ამთხვევთ ყველა მავნებლობას, პრორუსულ ქმედებებს და პრორუსული კანონების ინიცირებას მაშინ, როცა წყდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი? თქვენ დეკემბრამდე კიდევ ერთ საშინელებას ჩაიდენთ, ამის პროგნოზს ვაკეთებ. ისეთ რამეს, რომელიც იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის გამაღიზიანებელი. თქვენ გაქვთ ყოველთვიური ამოცანა გააკეთოთ ისეთი რამ, რაც ევროკავშირს დაგვაშორებს. თუ გაქვთ სეზონური გამწვავებები, ხან საგაზაფხულოდ და ხან საშემოდგომოდ ბოლოსდაბოლოს გადაიტანეთ 2024 - ში. ერთი თვის განმავლობაში გაჩერდით, ხმა არ ამოიღოთ, არაფერი გააკეთოთ და მოგვცემენ ამ სტატუსს,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისივე თქმით, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი დროში არასწორია.
„შინაარსითაც არის არასწორი. კარვის აკრძალვით ქვეყანაში მასობრივი პროტესტის თავიდან აცილება რომ შეიძლებოდეს, ამას ავტორიტარული ქვეყნები, პირველ რიგში, მიიღებდნენ. ძალიან სასაცილოდ იქეცით, ძალიან შეშინებულები ხართ. ის რაც სასაცილო გახდება, საშიში არაა, არავის ეშინია თქვენი კანონების და სუს-ის განცხადებების. მოსახდენი მოხდება! თუ რევოლუციას დაიმსახურებთ, მოხდება! თუ წესიერად მოიქცევით, ნორმალური ტრანსფორმაცია მოხდება“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.