ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ საფრანგეთის ლიგა 2-ის მეშვიდე ტურის გადადებული შეხვედრა „კანთან“ გამართა და, დიდი უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1.
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. თამაში დავითაშვილის გუნდმა აქტიურად დაიწყო, მაგრამ მე-7 წუთზე „ბორდოს“ დაცვა ჩავარდა, სწრაფი კომბინაცია ალეკსანდრ მენდიმ ზუსტი დარტყმით დააგვირვინა და „კანი“ დააწინაურა.
„ბორდომ“ 34-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. უკრაინელი დანილო იგნატენკოს გრძელი პასი მცველმა ვერ ჩაჭრა, ქართველი ფეხბურთელი მეკარეს გასცდა, მახვილი კუთხიდან ბურთი ცარიელ კარში შეაგორა და მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
ზუსტად ორ წუთში დავითაშვილს დუბლის შესრულებაც შეეძლო, ფლანგური გადაცემის შემდეგ ახლო მანძილიდან დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა. ტაიმი კი 1:1 დამთავრდა.
მეორე ტაიმში „ბორდომ“ უპირატესობა მოიპოვა და საგოლე მომენტებიც შექმნა, მაგრამ შანსების გამოყენება ვერ მოახერხა და საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა – 1:1.
ლიგაში 2-ში ცხრა ტურის შემდეგ „ბორდო“ 11 ქულით სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციაზეა.