ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში მადრიდის რეალმა ნაპოლი სტუმრად, ანგარიშით 3:2 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში სრული სათამაშო დრო მიიღო ქართველმა ვარსკვავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ.
თამაში გუნდებმა ყოველგვარი დაზვერვის გარეშე, მაღალ ტემპში დაიწყეს. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ როდრიგოს დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია. მასპინძლებმა შეტევები მოიგერიეს და მეტოქის ნახევარზე აიწიეს. აიწიეს და გაიტანეს კიდეც - კუთხურიდან კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთზე ნატანმა ბურთი ხარიხას გაარტყა, დამატებაზე კი ყველას ესტეგორმა დაასწრო. თუმცა, მალე „რეალმა“ ანგარიში ვინისიუსის გოლით გაათანაბრა, რომელსაც პასი ბელინგემმა გაუკეთა, ხოლო ცოტა ხანში მერეტის კარი შესანიშნავი დრიბლინგის შედეგად თავად ჯუდმა დალაშქრა. ცხადი იყო, „ბლანკოსის“ ნახევარდაცვა უკეთ მოქმედებდა და ეს შედეგზეც აისახა. მერე შანსი ნეაპოლელებს მიეცათ, ოსიმენს გატანა კეპამ არ დაანება და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ოსიმენის მოპოვებული პენალტით ზილენსკიმ თანაფარდობა აღადგინა. ხვიჩა უკვე უფრო აქტიურობდა, გარკვეული პერიოდი თამაშს წარმართავდა, პარტნიორებს პასებით ამარაგებდა, მისი დარტყმული მიზანს ასცდა. „ნაპოლი“ ინიციატივას დაეუფლა, თუმცა მოწინააღმდეგემ მალე ბურთი დაიბრუნა და ვინისიუსის დარტყმული ბურთი მერეტმა მოიგერია. შემდეგ ვალვერდეს შორიდან გასროლილი ხარიხიდან მერეტს ზურგში მოხვდა და „სამეფო გუნდი“ დაწინაურდა. აქედან მოყოლებული მადრიდელებმა ვიზავის სივრცე შეუზღუდეს, დროის გაყვანა დაიწყეს, შტურმზე გადასულმა "ნაპოლიმ" მესამე გოლის გატანა ვერ შეძლო და მარცხი განიცადა.
აღნიშნულ ტურნირზე შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 24 ოქტომბერს ბერლინში „უნიონთან“ გამართავს.