ჩვენ ვართ სრულიად უფლებამოსილნი, ვისაუბროთ პრეზიდენტის სახელით, ამდენად, ბუნებრივია, ჩვენ ასე არ უნდა განვიხილოთ, თითქოს პრეზიდენტმა უპატივცემულობა გამოხატა [სასამართლოს მიმართ], - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის უფლებადამცველმა, მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.
როგორც კოპალეიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია და ის პროცესის სამართლიანობაში დარწმუნებულია.
„რა თქმა უნდა, შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს. რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა. ყველა დეტალზე ვისაუბრეთ, მათ შორის, თავად ამ შეხვედრების შინაარსზე, მოცულობაზე. ასე რომ, ჩვენ ვართ სრულიად უფლებამოსილნი, ვისაუბროთ პრეზიდენტის სახელით, როგორც მისმა წარმომადგენლებმა. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ პრეზიდენტის ახსნა-განმარტებას ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამდენად, ბუნებრივია, ჩვენ ასე არ უნდა განვიხილოთ, თითქოს პრეზიდენტმა უპატივცემულობა გამოხატა, პირიქით, პრეზიდენტისთვის დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია. ის დარწმუნებულია პროცესის სამართლიანობაში, ამიტომ ბუნებრივია, მას დიდი პატივისცემა აქვს სასამართლოს მიმართ,“ - განაცხადა კოპალეიშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის უფლებადამცველმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი კანონის დაცვით მოქმედებს.
„პრეზიდენტის მხრიდან გვაქვს არამხოლოდ სრული ინფორმაცია, არამედ, როგორც მან საჯაროდ განაცხადა სრული ნდობა, რომ წარმოვადგინოთ მისი ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე. პრეზიდენტიც და ჩვენც ვმოქმედებთ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ვფიქრობ, ასევე იმოქმედებს საკონსტიტუციო სასამართლო.
ეს [საქმის განხილვაზე პრეზიდენტის არ დასწრება] არანაირად არ არის პრეზიდენტის მხრიდან უპატივცემულობის გამოხატულება, ეს ასე არ იქნეს განმარტებული, ასე განმარტავს პარლამენტი, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ასე არ უნდა განმარტოს საკონსტიტუციო სასამართლომ. პრეზიდენტი კანონის დაცვით მოქმედებს“,-აღნიშნა ჩუგოშვილმა.