2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასზე უელსთან გასამართი (7 ოქტომბერი, 17 საათი), დასკვნითი შეხვედრის წინ, ბორჯღალოსნებს სამი მოთამაშე გამოაკლდა.
ფიჯისთან გამართული უმძიმესი ბრძოლის შედეგად – კვაჭმა თენგიზ ზამთარაძემ, მეორეხაზელმა ლაშა ჯაიანმა და უკანახაზელმა მირიან მოდებაძემ სხვადასხვა ხარისხის მოტეხილობები მიიღეს. სამივე მათგანი ბორდოში დარჩა, სადაც ოპერაციები ჩაუტარდებათ.
ბორჯღალოსნების მთავარი ექიმის, ნუცა შამათავას თქმით, უელსთან მატჩს მათ გარდა ლუკა ივანიშვილიც გამოტოვებს, რომელმაც ფიჯისთან ტვინის შერყევა მიიღო:
„მოდებაძეს, ჯაიანსა და ზამთარაძეს, სამწუხაროდ ისეთი ტრავმები დაუფიქსირდათ, რომლებიც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ამჟამად თავს სამივე კარგად გრძნობს და ემზადებიან ოპერაციისთვის, რომელიც ბორდოში, ცნობილ სამედიცინო კლინიკაში ჩაუტარდებათ“.
„მირიან მოდებაძეს ყვრიმალის და თვალბუდის ძვლის მოტეხილობა აქვს; ლაშა ჯაიანმა წვივის ძვალი ორ ადგილას მოიტეხა; თენგიზ ზამთარაძეს იდაყვი ქონდა ამოვარდნილი, მოხდა მისი ჩასწორება, თუმცა რედგენმა ძვლის მოტეხილობაც დააფიქსირა და ისიც საოპერაციოა. მომდევნო შეხვედრას ტვინის შერყევის გამო ტოვებს ლუკა ივანიშვილი“.
„ფიჯისთან მძიმე თამაშის შედეგად გვაქვს მიკრო-ტრავმები და დაბეჟილობები. მორაგბეები ფიზიო თერაპევტების მეთვალყურეობით გადიან რეაბილიტაციას, მიმდინარეობს დაზიანებების მენეჯმენტი“.
ტრავმირებული მოთამაშეების ნაცვლად, ბორჯღალოსნების გაფართოებულ რაზმს კვაჭი ვანო კარკაძე, მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი და უკანახაზელი ოთარ ლაშხი შეუერთდნენ.