სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სუს-ის ინფორმაციით, საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. აღნიშნულ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება საზღვარგარეთის ქვეყნებში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობისა და ძალადობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზების სწავლების კუთხით.
„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი. აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან. ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. აღნიშნულ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება საზღვარგარეთის ქვეყნებში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობისა და ძალადობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზების სწავლების კუთხით.
აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ. მათ მიერ 2023 წლის 26-29 სექტემბერის პერიოდში ქ. თბილისში მდებარე სასტუმროში „იბისი“ მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლების, კერძოდ, ერთ-ერთი დიდი ჯგუფის გადამზადება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში. აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სხვა უწყებების წინააღმდეგ, ასევე, გზებზე პიკეტების და ხელოვნური საცობების შექმნისა და ადმინისტრაციული შენობების წინ კარვების მოწყობის ტექნიკაზე, როგორ უნდა შეიტანონ მღელვარება ძალოვან სტრუქტურებში, რა ძალადობრივი პასუხი უნდა გაეცეს მათ კანონიერ მოთხოვნებს. მსმენელები შეამზადეს მოსალოდნელი დაკავებების პროცესისთვის და სწავლება ჩაუტარეს ასეთ დროს წინააღმდეგობის გაწევის ხერხებზე, აქციის მონაწილეთა დაფინანსების საკითხებზე, პარლამენტის შენობაში შეჭრაზე, მაუწყებლობის სადგურების გათიშვასა და ძალაუფლების ხელში აღებაზე, საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლაზე, რა დროსაც მათ მიერ შედარებითი ანალიზისთვის მოყვანილ იქნა სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არაერთი დრამატული მაგალითი.
სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 2023 წლის 29 სექტემბერს ადვოკატებისა და თარჯიმნების თანდასწრებით გამოიკითხნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლების მიერ, რა დროსაც ისინი შეეცადნენ შეენიღბათ მათი საქართველოში ყოფნის რეალური მიზეზი, მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით. აღსანიშნავია, რომ მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებებს და რიგ დეტალებში არის ურთიერთგამომრიცხავიც.
სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 2023 წლის 30 სექტემბერს გაემგზავრნენ საქართველოდან ბელგრადის მიმართულებით.
წარმოგიდგენთ სინისა სიკმანის, იელენა სტოისიჩის და სლობოდან ჯინოვიჩის მიმართ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს, რომლის განსაიდუმლოება მოხდა პროკურორის მიერ, საქმეზე მზარდი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
აქვე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ დესტრუქციულ გეგმებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება წინმსწრებად გაავრცელა მიმდინარე წლის 18 სექტემბერს. ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით.
26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. ოთხდღიან სწავლებას აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ”, - ნათქვამია განცხადებაში.