პარლამენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობას იწყებს. კანონპროექტის ბიუროს სხდომაზე ინიციირება დღეს იგეგმება და მას კანონმდებლები დაჩქარებული წესით განიხილავენ. ცვლილებებით ზუსტდება კანონით გათვალისწინებული ამკრძალავი ხასიათის ღონისძიებები. კერძოდ, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.