„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის: კოალიციას შტაბური, კამპანიური მუშაობა სჭირდება. ამის გამოცდილება გიორგი ვაშაძეს აქვს, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დღეიდან კოალიციურ საქმიანობაში, შტაბური მიმართულებით, ამ კამპანიებს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ძალა იქნება ბიძინა ივანიშვილის „რუსული რეჟიმის“ წინააღმდეგ.
„საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ცვლილებები სჭირდებათ. საქართველოს მოქალაქეს ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორება აქვს გადაწყვეტილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი არის სწორედ ის ძალა, ის გუნდი, რომელიც მთავარი ძალა იქნება ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, ცხადია. შესაბამისად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კოალიციას სჭირდება, მათ შორის, შტაბური, კამპანიური მუშაობა და 2018 წელს გვაქვს ოპოზიციას საუკეთესო გამოცდილება იმის, რომ ერთტურიან არჩევნებში, ვგულისხმობ, პირველ ტურში გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ 2018 წელს და 2024-ში ვადიან ან ვადამდელი არჩევნების პირობებში, ჩვენ გვექნება მხოლოდ ერთი ტური არჩევნების, მხოლოდ ერთი დღე არჩევნების და არანაირი ორი ტური აღარ არსებობს. შესაბამისად, 2018 წელს პოზიტიური გამარჯვების გამოცდილება, შტაბურ-კამპანიურ მუშაობაში აქვს გიორგი ვაშაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელს, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დღეიდან კოალიციურ საქმიანობაში, შტაბური მიმართულებით, ამ კამპანიებს, ამ შტაბს უხელმძღვანელებს გიორგი ვაშაძე“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.