ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, შინაური ცხოველების, ძაღლისა და კატის უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. სპეციალურად გამოყოფილ ადგილებსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურების ოფისებში ვაქცინაცია უტარდება როგორც პატრონიან, ასევე მიკედლებულ ცხოველებს. სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად დაახლოებით 270 ათასამდე ცხოველს ცრის. ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით. კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ, დაავადება ლეტალობით სრულდება. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ცხოველების მეპატრონეებს, ყოველწლიურად ჩაუტარონ ვაქცინაცია საკუთარ ცხოველებს!