საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა გატარებული რეფორმების, მიღწეული პროგრესის და რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუს იმსახურებს.
მისივე თქმით, თუ ევროკომისია საქართველოსთან დაკავშირებით ნეგატიურ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი იქნება“.
„მე, იცით, რომ მქონდა შეხვედრა შარლ მიშელთან, ასევე, რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერებთან, სადაც მე მათ ღიად ვესაუბრები. იმაზე მეტს ვსაუბრობ დახურულ ფორმატში, რასაც საჯაროდ ვამბობ. ჩემი გზავნილი მარტივია, ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი, რომ ქვეყანა გატარებული რეფორმების, მიღწეული პროგრესის და ამ რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუს იმსახურებს, ეს მათ მკაფიოდ დავუფიქსირე. სხვა შემთხვევაში მათ ვუთხარი, რომ ეს იქნება მორიგი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის, უბრალოდ, ეს იქნება ძალიან უსამართლო მოპყრობა ჩვენი ქვეყნის და ხალხის. მე ეს ბორელთან პრესკონფერენციაზე შემთხვევით არ მითქვამს, ქართველებს მართლა არ გვიყვარს და აბსოლუტურად მიუღებელია უსამართლო მოპყრობა, ჩვენ ამას არ შევეგუებით. ისე, როგორც მიუღებელია რაიმე მცდელობა, რომ ჩვენ ვიღაცამ დაგვჩაგროს და უკანა რიგებში გადაგვსვას. და რატომ? იმიტომ, რომ საქართველო ე.წ. ტრიოს ფორმატში ყოველთვის იყო და დღესაც არის მოწინავე პოზიციებზე. ჩვენ ყველა მიმართულებით წინ ვუსწრებთ მოლდოვასაც და უკრაინასაც. არსებობს უამრავი სფერო და მიმართულებები, სადაც შედარება არ შეიძლება იმდენად წინ ვართ, ჩვენ ამ ქვეყნებთან მიმართებით. ჩვენ არავისი კარგი არ გვწყინს, არ გვშურს, გვინდა ყველას ვუსურვოთ უფრო მეტი პროგრესი. მე მათ ვუთხარი, რომ ჩვენ ვიმსახურებთ სტატუსს, სხვა შემთხვევაში ამოუხსნელი იქნება, მათი ეს გადაწყვეტილება. არ მინდა წინ მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ თუ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, ეს აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის იქნება.
მე შეგახსენებთ, რომ შარშან არც უკრაინას და არც მოლდოვას ჰქონდა შესრულებული არც ერთი პირობა და მათ ავანსად (ე.წ. ბონუსად) მისცეს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ამ ერთი წლის შემდეგ ამდენი რაღაც გავაკეთეთ, მანამდეც გაკეთებული გვქონდა, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში ამდენი რაღაც გავაკეთეთ, ასეთი ღია და გამჭვირვალე პროცესი ვმართეთ, რა თქმა უნდა, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუს.
რამდენიმე დღის წინ ამერიკის შემდეგ უკვე ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ჩასული იყო. მას ჰქონდა კარგი შეხვედრები და საკმაოდ პოზიტიური მესიჯები, სიგნალები მოდის ევროპიდან. მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, ვფიქრობ, რომ ბოლო რამდენიმე პუნქტი, რაც დაგვიტოვეს ბორელის გუნდმა ბოლო დაზუსტებები, ამაზეც იცით ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვასრულებთ და შევასრულებთ, ეს პროცესი ძალიან მალე დაიხურება თვის ბოლომდე. ასე, რომ არავითარი მიზეზი და საბაბი რატომ არ უნდა მივიღოთ ჩვენ სტატუსი, ჩვენს ევროპელ მეგობრებს არ ექნებათ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.