თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა - Palitra News

თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა

2023-09-28 12:38:31+04:00

თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა. ანუ 8 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების თითქმის, 335%-იანი ზრდა გვაქვს. ბუნებრივია ინტერესს იწვევს როგორ გამოიყურება 4-ჯერ გაზრდილი ჯარიმები თანხობრივ მაჩვენებელში. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 11 მილიონ 288 ათასი ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი დაახლოებით 2,5 მლნ. ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-აგვისტოში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში140 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, წინა წლის 8 თვეში- 113 მილიონი ლარი. ცნობისთვის, გასული წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა, შესაბამისად, მოცულობის ზრდა ნაწილობრივ სწორედ ამ ცვლილებით არის განპირობებული.