არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველმა, ყოფილმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა" დავით ბაბაიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ, შესაბამისი გამოძიების ჩატარების მიზნით, მისი ბაქოში ჩასვლა მოითხოვა.
„ყველამ იცით, რომ მე ვარ შეყვანილი აზერბაიჯანის „შავ სიაში“ და აზერბაიჯანულმა მხარემ მოითხოვა ჩემი ბაქოში ჩასვლა შესაბამისი გამოძიებისთვის. გადავწყვიტე სტეფანაკერტიდან შუშაში ჩავსულიყავი. ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, გამოიწვევს დიდ ტკივილს, შფოთვას და სტრესს, პირველ რიგში, ჩემს ახლობლებში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი გაიგებენ. ჩემი გამოუცხადებლობა, ან უარესი, ჩემი გაქცევა სერიოზულ ზიანს მიაყენებს ჩვენს სულგრძელ ხალხს, ბევრ ადამიანს და მე, როგორც პატიოსან ადამიანს, შრომისმოყვარეს, პატრიოტსა და ქრისტიანს, ამის დაშვება არ შემიძლია. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი“, - წერს ბაბაიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი ე.წ. „მთავრობის მეთაური” რუბენ ვარდანიანი დააკავა. დღეს ცნობილი გახდა, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობას შეწყვეტს და შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა.