700-ზე მეტი პატენტისა და ინოვაციის ავტორი ნიკოლა ტელსა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი გამომგონებელია, რომელმაც მთელი 100 წლით გაუსწრო საკუთარ ეპოქას, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მისი გენიალური აღმოჩენების ნაწილი დღემდე შეუსწავლელია, ნაწილი კი, საერთოდ უკვალოდ გაქრა, რამაც პირველ რიგში მდიდარი წარმოსახვის კონსპიროლოგებსა და ფანტასტ მწერლებს შეუქმნა ნოყიერი ნიადაგი დაუჯერებელი, ხშირად მისტიკური ვერსიებისა და ისტორიების შეთხზვისთვის.
წარმოშობით სერბი ნიკოლა ტესლა 1856 წლის 10 ივლისს დაიბადა ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში, თანამედროვე ხორვატიის ტერიტორიაზე, პატარა სოფელ სმილიანში. გადმოცემის თანახმად, ჩვილის დაბადება უძლიერეს ჭექა-ქუხილს დაემთხვა, რამაც ძალიან შეაშფოთა მისი ბებია. ცრუმორწმუნე ქალბატონმა ქუხილი ავისმომასწავებელ ნიშნად მიიჩნია და ახალშობილს ‘’წყვდიადის ბავშვი’’ უწოდა, რითაც ძალიან გაანაწყენა მისი დედა, რომელმაც დაიჟინა, რომ ‘’ნიკოლა აუცილებლად სინათლის ბავშვი იქნებოდა’’.
პატარა ნიკოლა ხშირად აკვირდებოდა ელვას და მის თვალისმომჭრელ ნათებას, რაც უკვე ზრდასრულმა საკუთარ კვლევებშიც გამოიყენა. როგორც ჩანს, დედისა და ბებიის დავაში საბოლოოდ მაინც დედამ გაიმარჯვა, რადგან სწორედ ტესლას ცვალებადი დენის სისტემის საფუძველზე დაინერგა საყოველთაო ელექტროგანათება.
5 წლის ნიკოლამ უფროსი ძმა - დეინი დაკარგა, რომელიც ცხენიდან გადმოვარდა და დაიღუპა. უბედური შემთხვევა უზარმაზარ ტრაგედიად იქცა მშობლებისთვის, რომლებიც სწორედ უფროს შვილზე ამყარებდნენ იმედებს, უმცროსს კი, ზედმეტად სუსტად და უსუსურად მიიჩნევდნენ. ნიკოლა მართლაც ხშირად ავადმყოფობდა, ამიტომ მამამ მისი ადგილობრივ სკოლაში მიბარება გადაწყვიტა, რომლის დასრულების შემდეგ სასულიერო გიმნაზიაში უნდა გაეგრძელებინა სწავლა და მასავით პასტორი გამხდარიყო. თუმცა, 17 წლის ნიკოლა ქოლერით დაავადდა, მთელი ცხრა თვე იავადმყოფა და რამდენჯერმე გადაურჩა სიკვდილს. სწორედ დასნეულებულმა ნიკოლამ გაანდო მამას ფიზიკით, მათემატიკით გატაცების შესახებ და ტექნიკურ სასწავლებელში ჩაბარების ნებართვა სთხოვა. უფროსმა ტესლამ უარი ვერ უთხრა მომაკვდავ შვილს და გამოჯანმრთელების შემთხვევაში სურვილის ასრულებას შეჰპირდა. ნიკოლა მართლაც სწრაფად გამოჯანმრთელდა, მამამ კი, უკმაყოფილების მიუხედავად პირობა შეასრულა და შვილის გრაცის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაბარების უფლება მისცა.
ნიკოლამ ძალიან მძიმედ განიცადა უფროსი ძმის დაღუპვა, რაც მოგვიანებით მის ქცევასა და მისტიციზმით გატაცებაზეც აისახა. მცირეწლოვან ტესლას წლების მანძილზე ეჩვენებოდა, რომ ცეცხლმოკიდებული სფეროს ცენტრში იდგა და იწვოდა, თუმცა ზრდასრულმა არა მხოლოდ ცნობიერის გაკონტროლება, არამედ ტრანსცენდენტული მდგომარეობის მართვა და საჭიროების შემთხვევაში გაძლიერებაც ისწავლა.
მდიდარი წარმოსახვისა და ფოტოგრაფიული მეხსიერების პატრონ ტესლას, რომლის გონება უამრავ ამოუხსნელ საიდუმლოს ინახავდა, მხოლოდ ერთი შეხედვით, რამდენიმე წუთში შეეძლო უზარმაზარი ტექსტების და ფოტოსურათების დამახსოვრება. უნიკალურ ნიჭის წყალობით, რომელსაც თვითონ ‘’გონებრივ ინჟინერიას’’ უწოდებდა, ტესლა გონებაში ახდენდა ყველა გამოგონების დეტალურ ვიზუალიზაციას და რამდენიმე ცდის ჩატარებას. არსებობს ვერსია, თითქოს ელექტროძრავი მეცნიერმა ბუდაპეშტის პარკში სეირნობისას გამოიგონა, როცა გოეთეს ‘’ფაუსტის’’ კითხვისას მოულოდნელად მბრუნავი მაგნიტური ველის გრაფიკული გამოსახულება დაინახა, მერე კი, საკუთარი წარმოსახვა სქემად გადაიტანა ქვიშაზე.
ნიკოლა ადრეული ბავშვობიდანვე მწვავედ რეაგირებდა გარე გამაღიზიანებლებზე. მოზარდ ტესლას არა მხოლოდ ქუხილის ხმა ესმოდა 900 კილომეტრის დაშორებით, არამედ საათის წიკწიკსაც უსმენდა მამის ჯიბეში, რომელიც ეზოში მუშაობდა, სკოლაში სწავლისას კი, დროებით სმენა დაკარგა, რადგან 50 კილომეტრში ჩავლილი ლოკომოტივის ხმა მისთვის დამაყრუებელი აღმოჩნდა. მედიკოსებმა მსგავსი მგრძნობიარობა ისევ ძმის დაღუპვას და მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმას მიაწერეს, რადგან 1800-იანი წლების დასაწყისში მედიცინისთვის ჯერ უცნობი იყო ე.წ. სენსორული დატვირთვა, რაც ერთი ან რამდენიმე ორგანოს გარემოს პროვოცირებით გადამეტებულ სტიმულაციას გულისხმობს.
მართალია, მედიკოსები ირწმუნებიან, რომ სრულფასოვანი დასვენებისა და ენერგიის აღსადგენად ადამიანმა სულ მცირე 8 საათი უნდა იძინოს, მაგრამ ტესლა მხოლოდ 2 საათს ისვენებდა, დანარჩენ დროს კი, ლაბორატორიაში ატარებდა. მეტიც, ერთხელ ისე გაიტაცა რთული ამოცანის ამოხსნამ, რომ მთელი 84 საათი იმუშავა შესვენების გარეშე.
მეცნიერის აზრით, სწორედ ვისკი იყო სასიცოცხლო ტონუსისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალება, ამიტომ განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა მისთვის 1920-იანი წლები, როცა ამერიკაში ‘’მშრალი კანონი’’ შემოიღეს, თუმცა სწორედ იძულებითმა აკრძალვამ ათქმევინა საბოლოოდ უარი ალკოჰოლზე, რომელიც წყლითა და რძით ჩაანაცვლა.
იდუმალებით მოცული ტესლას ცხოვრება ყოველთვის მრავალრიცხოვანი მითებითა და ლეგენდებით იყო შებურვილი. ამბობდნენ, თითქოს საოცრად სიმპათიურ მეცნიერს, რომელსაც კარგი გემოვნება და დახვეწილი მანერები ჰქონდა, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა ელიტარული და არისტოკრატული საზოგადოების წარმომადგენლების ჩათვლით, თუმცა თავად გამომგონებელი არასდროს კარგავდა დროს რომანტიკულ გატაცებებზე და არ აძლევდა საკუთარ თავს შეყვარების უფლებას, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ოჯახი და დამატებითი პასუხისმგებლობა მის აღმოჩენებსა და მეცნიერულ მოღვაწეობას შეუშლიდა ხელს.
ტესლას, რომელმაც საკმაოდ ახალგაზრდამ დატოვა სამშობლო და მშობლიური სახლი, არც კერძო საკუთრება ჰქონია არასდროს, არც საკუთარი ბინა. მართალია, ახალგაზრდობაში მეცნიერს საკმაოდ კარგად უნაზღაურდებოდა შრომა, მაგრამ მთელ დროს ლაბორატორიაში ატარებდა და ნაკლებად ფიქრობდა დაბინავებაზე, ბოლო წლებში კი, როცა საგრძნობლად შემცირდა მისი შემოსავალი, მონაცვლეობით ცხოვრობდა ნიუ-იორკის სასტუმროებში.
სხვათა შორის, ნიუ-იორკში გადაბარგებული ტესლა პირველ რიგში ადგილობრივი მტრედებით მოიხიბლა. მეცნიერი ყოველ დილას სპეციალურად ყიდულობდა მზესუმზირას ან მარცვლეულს და საათობით აპურებდა ფრინველს ცენტრალურ პარკში, დროებით მივლინებით გამგზავრებული კი, ნაცნობებს უხდიდა ფულს მტრედების გამოსაკვებად.
ნიუ-იორკში ტესლა 1884 წელს ჩავიდა თომას ედისონთან სამუშაოდ, რომელიც იმ პერიოდში უახლესი ტექნოლოგიით, საუკეთესოდ აღჭურვილ ლაბორატორიას ფლობდა. მანამდე ახალგაზრდა მეცნიერი პარიზში, ედისონის რეგიონალურ განყოფილებაში საქმიანობდა და სწორედ იქ მიიღო სარეკომენდაციო წერილიც, რომელმაც საკუთარი ექსპერიმენტების მენლო-პარკის ცნობილ ლაბორატორიაში ჩატარების საშუალებას მისცა, თუმცა უფროს და უკვე სახელოვან კოლეგასთან ტესლამ მხოლოდ ექვსი თვე იმუშავა.
გადმოცემის თანახმად, ედისონი სოლიდურ ჰონორარს შეჰპირდა ტესლას იმ შემთხვევაში თუ ის კომპანიის მიერ უკვე შემუშავებულ მუდმივი დენის აპარატს დაამუშავებდა. დავალება საკმაოდ რთული და შრომატევადი აღმოჩნდა, რადგან არა უბრალოდ კონსტრუქციის შეცვლას, არამედ უკვე არსებული ხელსაწყოს კარდინალურად გადაკეთებას გულისხმობდა. ნიკოლამ რამდენიმე დღე თავდაუზოგავად, შესვენების გარეშე იმუშავა ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სრულიად ახალი ხელსაწყო წარუდგინა ედისონს, თუმცა მან მხოლოდ გულიანად გადაიხარხარა და უარი უთხრა ჰონორარის გადახდაზე, რადგან როგორც აღმოჩნდა მისი დავალება უბრალოდ ხუმრობა იყო, რომელიც ნიკოლამ გაიგო არასწორად.
ტესლამ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს იწინასწარმეტყველა სმარტფონის ‘’დაბადება’’. ‘’ადამიანები ერთ წამში შეძლებენ დაკავშირებას და მნიშვნელობა არ ექნება რამდენად შორს იქნებიან ერთმანეთისგან. მეტიც, ისევე კარგად დაინახავენ და გაიგებენ ერთმანეთისას, როგორც პირისპირ შეხვედრისას. ინსტრუმენტი, რომელიც ამგვარს კავშირს უზრუნველყოფს საკმაოდ კომპაქტური იქნება, ადამიანები ყველგან შეძლებენ მის ტარებას, რადგან ჯიბეშიც ჩაეტევა’’, - კოლეგებთან საუბრისას შენიშნა ტელსამ, თუმცა მისმა წინასწარმეტყველებამ მხოლოდ მეცნიერთა ღიმილი გამოიწვია.
სხვა გენიოსების მსგავსად ტესლასაც უამრავი ფობია ჰქონდა. არსებობს მოსაზრება, თითქოს მეცნიერი აუტისტური სპექტრის აშლილობით იტანჯებოდა. ცნობილი მეცნიერების მაიკლ ფიცჯერალდისა და ბრენდონ ო’ბრაიენის მტკიცებით, ტესლას ასპერგერის სინდრომის ყველა სიმპტომი ჰქონდა. მეტიც, სწორედ ობსესიურ-კონვულსიურმა აშლილობამ იმსხვერპლა მისი რეპუტაცია.
ნიკოლას მთელი ცხოვრება კოშმარული აკვიატებული აზრები ტანჯავდა, რომელთაგან განთავისუფლებას რუტინული, თუმცა უშედეგო რიტუალური მოქმედებით ცდილობდა, სძულდა მომრგვალებული ნივთები და ძვირფასი სამკაული, პანიკურად ეშინოდა მიკრობების და მანიაკალური სიხშირით იბანდა ხელებს, სასტუმროში დაბინავებული კი, ყოველდღიურად 18 პირსახოცით მომარაგებას ითხოვდა, არავის აძლევდა შეხების უფლებას, თვითონ კი, მხოლოდ მათ ეხებოდა, ვისაც კარგად იცნობდა.
ამასთანავე, მეცნიერი ყველაფერს ითვლიდა - ნაბიჯებით დაწყებული ქუჩაში გამვლელებით დამთავრებული. მეტიც, თუ სადილის დროს შემთხვევით ვინმე ლუკმების თვლას აწყვეტინებდა, საერთოდ უარს ამბობდა ტრაპეზაზე, ამიტომ მეტწილად სრულ მარტოობაში მიირთმევდა.
მართალია, 1937 წელს რადიოს საჯაროდ დემონსტრირების შემდეგ ტესლა ნობელის პრემიაზე იქნა წარდგენილი, მაგრამ მისმა კანდიდატურამ მხოლოდ ერთი ხმა მიიღო 38-დან, რადგან 1909 წელს მარკონი და ბრაუნი უკვე დაჯილდოვდნენ პრემიით რადიოს გამოგონებისთვის. ამბიციების მიუხედავად, ტესლას ნაკლებად ანაღვლებდა, როცა მისი გამოგონების წყალობით სხვა მოიპოვებდა აღიარებას, თუმცა ყოველთვის გული წყდებოდა, რომ კოლეგები ძალიან ბევრ დროს კარგავდნენ უქმად.
ასაკის მატებასთან ერთად, ტესლას სულ უფრო გაუჭირდა მუშაობა. შემოსავლის გარეშე დარჩენილი მეცნიერი ჯერ ნიუ-იორკის ფეშენებელური სასტუმროდან Waldorf Astoria-დან გააძევეს, მერე Saint Regis-დან, რადგან ერთის მხრივ, ვერ შეძლო წლების მანძილზე დაგროვილი გადასახადის დაფარვა, მეორეს მხრივ, სასტუმროს ბინადრები აღმოჩნდნენ მისით უკმაყოფილო. როგორც აღმოჩნდა, მტრედების მოყვარული ტესლა საკუთარ ნომერში ‘’მასპინძლობდა’’ ფრინველებს, რომლებიც სიბინძურესთან ერთად საშინელ ქაოსსაც ქმნიდნენ.
მართალია, ყოფილმა დამქირავებლებმა კომპანია Westinghouse-დან, მოხუც მეცნიერს ანაზღაურება დაუნიშნეს ‘’საკონსულტაციო მომსახურებისთვის’’, მაგრამ ჰონორარი მინიმალური აღმოჩნდა, რადგან კომპანია საკუთარ რეპუტაციაზე უფრო ზრუნავდა, ვიდრე ტესლას დახმარებაზე, ამიტომ ვალების დაგროვებისთანავე, ნიკოლა იძულებით ტოვებდა ძველ სასტუმროს და ახალს ეძებდა დასაბინავებლად.
87 წლის ნიკოლა ტესლა 1943 წლის 8 იანვრის დილას გარდაიცვალა სასტუმრო New Yorker-ის ნომერში. მეცნიერის ცხედარი მხოლოდ ორი დღის შემდეგ იპოვა დამლაგებელმა, რომელმაც პირველმა შეამჩნია მისი საეჭვო გაუჩინარება. გენიოსი მეცნიერის მოკრძალებული დაკრძალვა 1943 წლის 10 იანვარს მოეწყო ნიუ-იორკში, თუმცა ზუსტად 10 წლის შემდეგ ტესლას ნათესავებმა მისი ფერფლი მწირ ქონებასთან ერთად სერბეთში გადაასვენეს, მოგვიანებით კი, ბელგრადის მუზეუმში დაასვენეს.