ნორვეგია უკრაინას 1 მილიარდ ნორვეგიულ კრონას (92 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყოფს, რათა ქვეყანამ, ომის პირობებში, კიდევ ერთი ზამთარი გადალახოს, - ინფორმაციას ნორვეგიის მთავრობა ავრცელებს.
მათი განმარტებით, დაფინანსება ხორციელდება გაერო-ს, მათ შორის უკრაინის ჰუმანიტარული ფონდისა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მეშვეობით. დაფინანსება, ძირითადად მოხმარდება ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ყველაზე დაუცველ ადამიანებს, ბავშვებს, ლტოლვილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს.
„2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ნორვეგიამ უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისა და მეზობელ ქვეყნებში ლტოლვილთა მიღების მხარდასაჭერად 3.5 მილიარდ ნორვეგიულ კრონაზე მეტი [320 მილიონი აშშ დოლარი] გამოყო", - აცხადებენ ნორვეგიის მთავრობაში. გაერო-ს შეფასებით, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება 17 მილიონზე მეტ ადამიანს ესაჭიროება.