ნიუ-იორკის მოსამართლემ დაადგინა, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და მისმა ოჯახურმა ბიზნესმა თაღლითურად გაზარდა ტრამპის ქონებისა და სხვა აქტივების ღირებულება.
მედიის ინფორმაციით, მანჰეტენის ნიუ-იორკის შტატის სასამართლოს მოსამართლის, არტურ ენგორონის მკაცრი გადაწყვეტილება შტატის გენერალურ პროკურორს, ლეტიცია ჯეიმსს გაუადვილებს ზიანის ანაზღაურების დადგენას 2 ოქტომბერს დაგეგმილ სასამართლო პროცესზე.
ენგორონმა ასევე გასცა ბრძანება იმ სერტიფიკატების გაუქმების შესახებ, რომლებიც ტრამპის ზოგიერთ კომპანიას, მათ შორის Trump Organization-ს, ნიუ-იორკში ოპერირების საშუალებას აძლევდა.
მოსამართლემ აღწერა, თუ როგორ შეადგინეს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, მისმა ვაჟებმა, დონალდ უმცროსმა და ერიკმა, ტრამპის ორგანიზაციამ და სხვა ბრალდებულებმა შეფასებები და გაზარდეს ტრამპის წმინდა მოგება თავიანთი ბიზნეს საჭიროებებისთვის.
ამასთან, დონალდ ტრამპი და სხვა ბრალდებულები ამტკიცებენ, რომ მათ თაღლითობა არასოდეს ჩაუდენიათ. ისინი ენგორონის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
„დღევანდელი აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება სრულიად მოწყვეტილია ფაქტებიდან. პრეზიდენტი ტრამპი და მისი ოჯახი ყველა არსებულ სააპელაციო საშუალებას გამოიყენებენ, რათა გამოასწორონ მართლმსაჯულების შეცდომა“, - განაცხადა ტრამპის ადვოკატმა კრისტოფერ კეისმა. ნიუ-იორკის მოსამართლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც და ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მან თაღლითობა ჩაიდინა, სასაცილო და სიცრუე უწოდა.
„ეს არის დემოკრატების პოლიტიკური კანონი და კუდიანებზე ნადირობა ისეთ დონეზე, რომელიც აქამდე არ უნახავთ“, - წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში.მან და სხვა ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ შეუძლებელია სასამართლო პროცესისთვის მომზადება, რადგან არ იციან, რომელი საჩივრების წინააღმდეგ უნდა დაიცვან თავი. სააპელაციო სასამართლო, სავარაუდოდ, ამ კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას სასამართლო პროცესის გადადების მოთხოვნის შესახებ.