საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე ორი შეხვედრა გამართა და ვერცერთის მოგება ვერ მოახერხა. განსაკუთრებით დასანანი იყო, ბოლო მატჩი, სადაც პორტუგალიასთან პირველი ტაიმის შემდეგ დამაჯერებლად ვიგებდით და საბოლოოდ შეხვედრა 18-18 დასრულდა. „ბორჯღალოსნების“ შემდეგ მეტოქე, ფიჯის ნაკრები იქნება, რომელსაც ჯგუფში უკვე 6 ქულა აქვს და ჩვენთან მოგების შემთხვევაში ჯგუფური ეტაპის წარმატებით დასრულებასთან ახლოს იქნებიან. მატჩის წინ ფიჯის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საიმონ რაივალუიმ საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა და ლევან მაისაშვილის ნაკრების სიძლიერეს გაუსვა ხაზი: „ახლა, ფიჯის ნაკრების შესახებ ბევრს საუბრობენ და ითვლიან, მიზნის მისაღწევად რა გვჭირდება. ჩვენს გეგმებში ნამდვილად არაფერი შეცვლილა, მომავალი მატჩისთვის ისევ უდიდესი პასუხისმგებლობით ვემზადებით. საქართველოს ნაკრებს უდიდეს პატივს ვცემთ. მათთან არაერთხელ გვითამაშია და შემიძლია ვთქვა, რომ ფიჯი და საქართველო განვითარების ერთ ეტაპზე დგანან. მომავალი მატჩი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ ამ კვირაში სათანადოდ მომზადებისთვის ყველაფერს გავიღებთ და და რა გამოვა, ამას შაბათს ვნახავთ" - განაცხადა ფიჯის ნაკრების მთავარმა მწვრთნმა, საიმონ რაივალუიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ფიჯის ნაკრებს შორის შეხვედრა 30 სექტემბერს ბორდოში გაუმართება. ფიჯელებს უკვე 6 ქულა აქვთ და ჯგუფში მეორე ადგილზე არიან, რაც შეეხება საქართველოს, ორი მატჩის შემდეგ მხოლოდ 2 ქულა აქვს. თუ კუნძულელები მოახერხებენ დარჩენილი ორი მატჩის მოგებას, ამ შემთხვევაში, ისინი გარანტირებულად გავლენ მსოფლიო ჩემპიონატის ¼ ფინალში.