საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრებმა ნამიბიას 96:0 მოუგო და A ჯგუფის ლიდერია. ფრანგებმა მეტოქეს 14 ლელო დაუდეს და 12 გარდასახვა გაუტანეს. ტურნირის მასპინძლებმა პირველ ტაიმში 54 ქულა გაიტანეს, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ 42 ქულა დააგროვეს.
ფრანგებისთვის ყველაზე დიდი დარტყმა ანტუან დუპონის ტრავმაა, რომელმაც 46-ე წუთზე შეჯახების შემდეგ ყბა დაიზიანა. ფრანგთა მწვრთნელმა, ფაბიან გალტიემ განაცხადა, რომ ის საავადამყოფოშია და ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. გალტიემ იმედი გამოთქვა, რომ ეს ტრავმა სერიოზული არ იქნება. როგორც ფრანგული პრესა წერს, დუპონს ყბის მარჯვენა მხარე დაუზიანდა და გაებზარა. რომან ნტამაკის გამოკლების შემდეგ, თუ ანტუან დუპონის ტრავმაც სერიოზული აღმოჩნდება და ყბა გაბზარული იქნება, ფრანგების საჩემპიონო შანსები მკვეთრად შემცირდება. საფრანგეთი ბოლო ტურში იტალიის ნაკრებს შეხვდება.