უკრაინა აშშ-სგან კიდევ 325-ი მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს. ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება გუშინ, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა. დახმარების ახალი პაკეტი რაკეტებს, საარტილერიო სისტემებს, საჰაერო თავდაცვის კომპლექსებს, ტყვიამფრქვევებს, ჭურვებსა და ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს მოიცავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ მისი ადმინისტრაცია მზად არის უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და მუდმივი მშვიდობისთვის იბრძოლოს. ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკელი ხალხი და მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაიდენს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარება რუსულ ტერორთან საბრძოლველად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა კონგრესშიც და კანონმდებლებს უკრაინის დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდა.