უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკის, გიტანას ნაუსედასა და ანჯეი დუდას შორის ნიუ-იორკში შეხვედრა გაიმართა.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის მარცვლეულის ექსპორტის გამო წარმოქმნილი კონფლიქტი განიხილეს, ასევე ისაუბრეს ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ პოლონეთი წყვეტს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.
გიტანას ნაუსედამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ პოლონეთსა და უკრაინას შორის არსებული უთანხმოება რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს.
„საერთო, მთავარი მიზნისთვის - ევროპის დაცვა რუსეთის აგრესიული პოლიტიკისგან - უკრაინასა და პოლონეთს შორის არსებული უთანხმოება რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს. პოლონეთის ადგილი უკრაინის მხარდაჭერაში უნიკალურია. გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რადგან კრიზისის შემდგომი გაღრმავება უპასუხისმგებლო იქნება“, - განაცხადა მან.
პრეზიდენტის თქმით, აქ საუბარია არა ცალკეული ქვეყნების, არამედ მთელი რეგიონის და კონტინენტის უსაფრთხოებაზეც კი.
„როგორც ისტორია გვიჩვენებს, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, ერთმანეთის მხარდაჭერითა და დახმარებით შეგვიძლია დავუპირისპირდეთ გარე საფრთხეებს“, - დასძინა ნაუსედამ.