21 სექტემბრის მდგომარეობით, „რთველი 2023“ წლის ფარგლებში, 107 ათასი ტონა ყურძენი, აქედან, 51 ათას ტონამდე რქაწითელი, 52 ათას ტონამდე საფერავი, 2,2 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია გადამუშავებული.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოსავალი საწარმოებს 10 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 111 მლნ ლარს აღწევს.
„ამასთან ერთად, კლიმატური პირობების გამო, დაზიანებული ყურძნის ჩაბარება გრძელდება. სახელმწიფო ღვინის საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ გადამუშავებულია 16,6 ათასი ტონა დაზიანებული ყურძენი.
რთვლის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 400-ამდე ღვინის კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო უკვე 220 კომპანია.
რთველი აქტიურია კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა საგარეჯოსი, რომელიც რთვლის პროცესში რამდენიმე დღეში ჩაერთვება, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.