ეროვნული ბანკის საბჭოს კოლექტიური გადაწყვეტილებით, შესაძლებელი და აუცილებელია, ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება საბჭოს რეალური ქმედება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა.
„ეს შესაძლებელია 3 ვიცე-პრეზიდენტის გადადგომის მიუხედავად, რადგან მათ 2 თვის მანძილზე კიდევ გააჩნიათ ვადა, რათა მათი უფლებამოსილება გაგრძელდეს. გადადგომის ვადა არის 2 თვის შემდეგ. საბჭო სრულად ფუნქციონირებს და შეუძლია ყველანაირი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს არის ის ნაბიჯები, რაც სასწრაფოდ გადასადგმელია, რათა უფრო სერიოზული რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს ქვეყანას. ასევე საერთაშორისო რეაქციები, რაც არის მოსალოდნელი“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.