მინდა იცოდეთ, რომ ვერავინ გამტეხს ვერც მე და ვერც ქართველ ხალხს - ჩვენი საუკეთესო დღეები არის წინ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე ვიდეო ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა, მას სულიერად საბრძოლო განწყობა აქვს.
„მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ჯერ კიდევ სუსტად ვარ, ჩემს სულს ვერავინ გატეხს, რადგან ის ქართველ ხალხს ეკუთვნის“,- განაცხადა სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ესწრება. გასული სასამართლო პროცესი, რომელიც აღნიშნული ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს შეეხებოდა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო, ვინაიდან მან პროცესზე დასწრება დისტანციურადაც ვერ შეძლო. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები სავარაუდოდ, მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას შუამდგომლობას დააყენებენ, ვიანიდან მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთი საქმის განხილვაში ახალი ჩართულია.
პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილები არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.