ერევანში, მთავრობის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო, მომიტინგეები, რომლებიც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ, შენობაში შეჭრას ცდილობენ. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის როგორც სამოქალაქო პირები, ასევე პოლიციელები არიან. მათ ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ნაწილი კი საავადმყოფოში არის გადაყვანილი. აქციები სომხეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად ადგილობრივ ანტიტერორისტულ ოპერაციას იწყებს. ნიკოლ ფაშინიანმა კი ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ იმ გარე და შიდა ძალებს, რომლებიც ქვეყნის ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში ჩართვას ცდილობენ, არ უნდა მიეცეთ საშუალება, საფრთხე შეუქმნან სომხეთის სახელმწიფოებრიობას და სომხეთმა კი„ ესკალაციის ფონზე, „არ უნდა გადადგას გაუთვლელი, მკვეთრი და ავანტიურისტული ნაბიჯები“.