მთიან ყარაბაღში ვითარება კვლავ დაძაბულია. არაღიარებული ყარაბაღის ე.წ ომბუდსმენის, გეგან სტეპანიანის განცხადებით, 27 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი მშვიდობიანი მოქალაქეა, ასევე 200-ზე მეტი დაიჭრა. მისივე თქმით, დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. აზერბაიჯანის ე.წ "ანტიტერორისტული" ოპერაცია მთიან ყარაბაღში გრძელდება. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ იქამდე არ შეჩერდება, სანამ ეთნიკურად სომეხი სეპარატისტები არ ჩაბარდებიან. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, სომხურმა ძალებმა მსხვილი კალიბრის მქონე იარაღის გამოყენებით ცეცხლი ქალაქ შუშას გაუხსნეს. საერთაშორისო ლიდერები აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, აზერბაიჯანის ქმედებები ყარაბაღში არსებულ ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას აუარესებს. განცხადება გააკეთა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმაც, მან მხარეებს სიტუაციის დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.