ფარცხალაძე, პროკურორი, რომელმაც ჩემზე საქმეები აღძრა, „ეფესბეს” პირდაპირი აგენტი აღმოჩნდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, პუტინი საქართველოს ყველა ხელისუფლებას სთხოვდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელის დანიშვნას, რაზეც მიხეილ სააკაშვილისგან უარი მიიღო.
„ფარცხალაძე, პროკურორი, რომელმაც ჩემზე საქმეები აღძრა, “ეფესბეს” პირდაპირი აგენტი აღმოჩნდა. მინდა ვკითხო ტელევიზიით გამოსულ პოლიტიკოსებს - თუნდაც ეს ფაქტი არ არის ამ ე.წ საქმეების უკანონობის დასამტკიცებლად საკმარისი და რომ ისინი არიან ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი სპეცოპერაციის ნაწილი?
ასევე, საქართველოს ყველა ხელისუფლებას პუტინი სთხოვდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელის დანიშვნას, რაზეც ჩემგან უარი მიიღო“, - წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.